ლოცულაშვილისა და აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – დეტალები

დღის სიახლეები სამართალი

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს – ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა ექვსივე პოლიციელის – ალექსი ბადალოვის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შესაბამისი შუამდგომლობა პროკურატურამ მას შემდეგ დააყენა სხდომაზე, რაც სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.

ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა ეს პირები [პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი] გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შესაბამისად, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას. ეს არის როგორც ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენები, ასევე ვიდეომასალაშია ასახული. პოლიციელებს სამხრე კამერები არ ჰქონდა ჩართული, – ამის შესახებ გორში ძალადობის ფაქტზე პოლიციელების დაკავების საქმეზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ექვსივე პირს საქართველოს პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატის ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაცვის მხარე დასაბუთებას გაეცნობა.

ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან და მათ მხოლოდ გასაჩივრება შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *