ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ შემოღება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მან ასე უპასუხა კითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა ციფრული ლარი ნაღდ ფულს და აღნიშნა, რომ ციფრული ანალოგია არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს და ეს გარანტირებულია ორგანული კანონით, სადაც ბანკნოტი ანუ ნაღდი ფულის მატერიალური გამოხატულება არის უზრუნველყოფილი.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ წამყვან ქვეყნებს და მე მოგახსენებთ გარკვეული ქვეყნების მაგალითებს, სადაც მსგავსი ტექნოლოგიები იტესტება. ჩვენც, კანონმდებლის მხარდაჭერით, უბრალოდ, მოვიპოვეთ უფლება, რომ ვიწრო სფეროებში გავაკეთოთ ე.წ. პილოტირება ანუ ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიის, იმისთვის, რომ უკეთ შევისწავლოთ თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ციფრულმა ლარმა, ასევე რა გამოწვევები ახლავს და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პილოტირების მიზნებისთვის არის ახლა ამ ეტაპისთვის ეს გაკეთებული და სწორედ ასე იწყებენ სხვა ქვეყნებიც, ზოგი უფრო შორს არის წასული, ზოგი ახლა იწყებს. თავიდან ხდება ტექნოლოგიების, გამოწვევების, კანონმდებლობის, შესაძლებლობების ტესტირება და ჩვენც გვინდა ამ ქვეყნების რიგში ვიყოთ. თვითონ ციფრული ვალუტის ტექნოლოგია არის მიმზიდველი როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც არის უკვე ფართოდ გამოყენებული, იმიტომ, რომ ეს არის უფრო სწრაფი, ხშირ შემთხვევაში, არის უფრო იაფი და ეს არის მომავლის ტექნოლოგია. ამ კუთხით არ არის გასაკვირი, რომ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ცდილობენ, არ დაკარგონ თავისი ლიდერობა და ოფიციალური ცენტრალური ბანკის ვალუტის უპირატესობა და თავადაც გატესტონ მსგავსი ტექნოლოგიები მანამ, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ რა სფეროში და რა დოზით იქნება ეს ვალუტა შემოღებული. აქვე, ვუპასუხებ გავრცელებულ კითხვებს, რა გეგმაა და ჩაანაცვლებს თუ არა ეს ნაღდ ფულს. არავითარ შემთხვევაში ციფრული ანალოგია არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს და ეს გარანტირებულია ორგანული კანონით, სადაც ბანკნოტი ანუ ნაღდი ფულის მატერიალური გამოხატულება არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თურნავამ.



