სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, რომელიც უარესდება, – ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მაკონტროლებლის როლი კომპრომეტირებულია და ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან.
„ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი გამოძიებების წარმოება, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“.
„აღნიშნული ქმედებები იძულებითი ხასიათისაა და, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს. ისინი შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან”, – აღნიშნულია დოკუმენტში.



