საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია”.
“საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. სასამართლო სისტემის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. კერძოდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია. 2025 წლის დეკემბერში, სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს ზრდის. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება”, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია აცხადებს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება.
“საქართველომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. „გენერალური პროკურატურის შესახებ“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) რეკომენდაციების საფუძველზე”, – აღნიშნულია ანგარიშში.



