არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებას არანაირი საერთო არ აქვს იმ ფაქტთან, რომ მას პოლიტიკური გეგმები აღარ აქვს და პროცესებში ჩართვას არ აპირებს.
„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება პირობადებული არ იყო, უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.
მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო.
მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ, შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე უკვე ვთქვი, რომ ვიყავი ორგანიზატორი, როდესაც საპროცესო გაფორმდა”, – განაცხადა ზოდელავამ.



