ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. არ მომიკლან შვილი! – ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ბრალდებულ შვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.
„გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწონა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი” არის შესულიო… არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან”, – განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
***
სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვით, მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„გიორგი ფეიქრიშვილი საკანში 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის. მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. ის საკანში მარტო არის. თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს“, – განაცხადეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.



