საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი – დღე მესამე

დღის სიახლეები პოლიტიკა

დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოშორება მოხდეს პოლიტიკური ცხოვრებიდან.

„დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს. არცერთი პარტიის შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული. ვხედავთ რა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რეალური მიზანი, ამ სარჩელს და პროცესს აქვს ორი მიზანი, პირველი: პარტიების აკრძალვა, მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოშორება პოლიტიკური ცხოვრებიდან და მეორე: დაფარული მიზანი, გამომდინარე იქიდან რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ ფლობს პარლამენტში, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით სურს დაავალდებულოს ყველა, გატარდეს ამ ქვეყანაში რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, რუსეთის მავნებლური პოლიტიკა გახდეს სავალდებულო კონსტიტუციური წესი.

კარგად გვესმის, რამხელაა დაკვეთა, როგორია გეგმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბეჭედი დაასვას ივანიშვილის მიზნებს და გეგმებს“,- აღნიშნა სიორიძემ.

***

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც თავიანთ კოლეგებსაც ჩრდილავენ საქალაქო სასამართლოდან – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადრე თუ დემონსტრაციულად ერთ შუამდგომლობას მაინც აკმაყოფილებდნენ, ახლა „დემოკრატიის შეფუთვაზე“ სრულიად ხელი აქვთ ჩაქნეული.

„აშკარად ჩანს, რომ პროცესის სწრაფად დასრულების ინსტრუქცია აქვთ მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ კვირაშიც დანიშნეს სხდომები. რაც შეეხება მიმდინარე შუამდგომლობების ეტაპს, გაირკვა რომ ადრე, როდესაც ცდილობდნენ ხოლმე დემონსტრირებას და ერთ შუამდგომლობას მაინც დემონსტრაციულად აკმაყოფილებდნენ, ახლა ამ „დემოკრატიის შეფუთვაზე“ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც თავიანთ კოლეგებსაც ჩრდილავენ საქალაქო სასამართლოდან. საქალაქო სასამართლოში უამრავ პროცესს ვესწრებით ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა იქაც კი არ არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციის მიმართ აგრესიასა და ზიზღს ასე ღიად არ ფარავენ. ძალიან სამწუხაროა თუ როგორ მიიტაცეს ინსტიტუციები და როგორ დააკომპლექტეს ისინი. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროცესშიც ჩანს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

***

ორი დღის განმავლობაში, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვანახებს თავის სახეს, მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციურები, მათ შორის მათ პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, მთელი ორი დღის განმავლობაში, რომ სამართლებრივი პროცესი, როგორმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით ერთადერთი, რაზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, არის ის, თუ რატომ ასამართლებენ 5 პარტიას ერთად.

„აქ პასუხი ძალიან მარტივია, ისინი ჩამოყალიბების დღიდან სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან, მაგალითად კონსტიტუციური წყობილების დამხობის პროცესში ერთნი არიან, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში, არჩევნების არ აღიარებაში, ბოიკოტში, მათ შორის „გახარიელებიც” კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „გახარიელები” ერთი წლის განმავლობაში პარლამენტშიც კი არ შემოდიოდნენ და რას ელოდებოდნენ? თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ, როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი, მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შესვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომაც ისინი, როგორც მჭიდროდ ერთმანეთთან დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ, თუ რატომ არის მათი გაუქმება საჭირო და შესაბამისად არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა” შედგება არა ერთი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისაგან დავალებებით. მაგალითად სააკაშვილი წერს, რომ IRI – ის ორგანიზებით იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელები მოუწოდებდნენ, რომ გაერთიანებულიყვნენ, ზოგი შეთანხმდა ზოგი ვერა, რომ ოდიოზური პიროვნების, მაოხრებელი გზირის გარშემო ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ. მთავარი ერთია კოლექტიური „ნაცმოძრაობა” გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ეცდება, რასაც ქართველი ხალხი აბსოლუტურად ყოველთვის შეეწინააღმდეგება.“- აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიების აკრძალვის პროცესზე საერთაშორისო შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გარეთ არსებული სხვადასხვა არჩეული თუ არ არჩეული ბიუროკრატიის უკან მდგომი ძალები ცდილობენ, თავიანთი აგენტები გადაარჩინონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა აგენტებს არ ექნებათ სურვილი, რომ პატრონებს დაემორჩილონ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *