რუსთაველის გამზირზე გუშინდელ აქციას პოლიტიკოსები აფასებენ

დღის სიახლეები პოლიტიკა

ქართველი პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას აფასებენ:

ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასდროს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებასა და იმ ფასეულობების დაცვაზე ესაუბროს, „რომელიც 2011 წლის 26 მაისს თავად სისხლში ჩაახშო“.

ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად იცოდა ამ აქციის ფასი – ხელისუფლებამაც და იმ ადამიანებმაც, ვინც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებდით. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დღე იყო და ხალხის რაოდენობამაც დაადასტურა, რომ პროტესტი კვლავ მასშტაბურია და რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება მოვლენათა ისეთ განვითარებას, როგორსაც ჩვენ დღეს ხელისუფლება გვთავაზობს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში”, 26 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

წიკლაურის თქმით, აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო, დასავლელ პარტნიორებს დაენახათ, რომ საქართველოში ხალხი დანებებას არ აპირებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ევროპული საზოგადოების ნაწილი და სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

გუშინდელი აქცია არ იყო განსაკუთრებული სიახლე. არ მგონია, ეს რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის იყოს – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური და საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაც, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციები პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლების შესაცვლელად, საკმარისი არაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *