ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოკუპაციის გამო რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, თუმცა ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად საკომუნიკაციო არხის ფუნქციონირება აუცილებელია.
„ეს არის ძალიან პოზიტიური, მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯი გადადგმული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაციიდან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს, პოლიტიკური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან არა გვაქვს. მაგრამ, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჰუმანიტარულ სფეროს ეხება, ტრანსპორტის სფეროს ეხება, ეკონომიკას ეხება, ან იგივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების საკითხს შეიძლება შეეხებოდეს, რასთან დაკავშირებითაც ამ საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება არის აუცილებელი.
დღეს ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხედავდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის სწორედ მრავალმხრივი კომუნიკაციის საჭიროება ნებისმიერი ქვეყნისათვის და მათ შორის, საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთელი ევროპა, ამერიკა, არ ვიცი ვინ აღარ არის ჩართული. ამიტომ ნურავინ ნუ გამოიშვერს თითს საქართველოსკენ იმ მიზნით, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს კანონიერი, ასე ვთქვათ, უფლება, რომ გარკვეული იმ პოლიტიკური დონიდან გამომდინარე, რა უდაბლეს დონეზეცაა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები, ჰქონდეს კომუნიკაციის არხი. ეს არხი ათეული წლების განმავლობაში ისედაც არსებობდა და ეს აგრძელებს თავის ფუნქციონირებას”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.



