ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ასევე, მხარეებმა ისარგებლეს რეპლიკით. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა, უარი განაცხადა.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
****
პროკურატურა საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მისსავე მფლობელობაში არსებულ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ძლიერად ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილზე ბრალდებულმა კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც თამაზ მთივლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
****
ცხადია, არ ვეთანხმებით განაჩენს არც კვალიფიკაციის ნაწილში და არც დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, – ამის შესახებ ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის ადვოკატმა დავით კუტალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გიორგი პაპაშვილის ქმედება განსაკუთრებულ სისასტიკედ არ უნდა შეფასებულიყო.
“მოსამართლის მხრიდან დასაბუთება არ მოგვისმენია არც სასჯელის და არც კვალიფიკაციის ნაწილში. როგორც მოსამართლემ განმარტა, დასაბუთება მის განაჩენში იქნება, რასაც ყურადღებით გავეცნობით. ცხადია, არ ვეთანხმებით განაჩენს არც კვალიფიკაციის ნაწილში და არც დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.
ეს არ კვალიფიცირდება განსაკუთრებულ სისასტიკედ”, – განაცხადა კუტალაძემ.
მისი განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლოში არაპირდაპირ განზრახვაზე მსჯელობდა და ასევე, კვალიფიკაციის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას ითხოვდა.
“117-ე მუხლი მათ შორის, შედეგობრივად ითვალისწინებს სიცოცხლის მოსპობასაც. როდესაც კვალიფიკაციაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიმსჯელოთ, რა სურდა ადამიანს, მას სურდა ვინმეს სიცოცხლის მოსპობა, თუ ჯანმრთელობის დაზიანება. გიორგი პაპაშვილის მიერ თაზო მთივლიშვილის მიმართ არაერთი ღონისძიება იქნა გაწეული, მათ შორის იმისთვის, რომ მოესულიერებინა და გონზე მოეყვანა. რაც შეეხება თავის ტრავმას, სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დაზიანება გარდაცვალებამდე 4 საათით ადრე არის მიღებული. გარდაცვალება თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგადაა დამდგარი, გარედან ეს ვიზუალურად არ ჩანს”, – განაცხადა კუტალაძემ.
კითხვაზე, ადამიანის მიტოვება და მისი გარედან ჩაკეტვა, შემდეგ გაქცევა და ქვეყნის დატოვება, რა კვალიფიკაციაში ჯდება, ადვოკატი ასე პასუხობს:
“გარდაცვლილი ადამიანის მიტოვება კვალიფიკაცია არ არის”, – აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, თუ რატომ არ დარეკა მსჯავრდებულმა 112-ში და თავად რატომ ცდილობდა მისი ჩვენების მიხედვით მთივლიშვილის გადარჩენას, კუტალაძე პასუხობს, რომ მსჯავრდებულმა რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.
“თქვენ რომ დაინახოთ ქუჩაში დაგდებული ადამიანი? თქვენ შეიძლება დარეკოთ, მაგრამ თუკი ეს მყისიერად საჭიროებს ზომების მიღებას, მაინც დაელოდებით?.. პაპაშვილმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მის ხელთ არსებული საშუალებები გონზე მოსაყვანად გამოიყენა, შემდეგ დარწმუნდა, რომ გარდაცვლილი იყო, მისივე ჩვენებით, ეს გახდა მიზეზი [რომ არ დარეკა]. გარდაცვლილი ადამიანისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება ყოველგვარ მიზანსაა მოკლებული”, – განაცხადა კუტალაძემ.
****
თამაზ მთივლიშვილის დედის, ეთერ აკოფაშვილის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც აკოფაშვილი განმარტავს, ეს განაჩენი ყველასთვის მაგალითი იქნება.
“ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება და განაჩენი. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, სწორედ ამისთვის მოვედი დღემდე! სწორედ ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმე, არსი და მართლმსაჯულება, რომ მკვლელების და ჯალათების ადგილი არ არის ამ ქვეყანაში”, – განაცხადა აკოფაშვილმა.
მან ასევე უპასუხა მსჯავრდებულის დედის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ის “სისხლის ბოლო წვეთამდე აპირებს ბრძოლას”.
“იბრძოლა, მაგრამ შედეგი? მტკიცებულებებს რას უზამს? ვერსად წაუვა მართლმსაჯულებას, მას წინ ვერავინ დაუდგება, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს! დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერასდროს განმეორდება მსგავსი სიტუაციები”, – განაცხადა აკოფაშვილმა.
****
კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის! – ამის შესახებ ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის დედამ, ლეილა დეკანოიძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მსჯავრდებულის დედა მიიჩნევს, რომ მის შვილს მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა არ ეკუთვნოდა და ეს ჟურნალისტების ტყუილების დამსახურებაა.
„გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის. ეს არ ეკუთვნოდა, ალბათ, წლები – 20-მდე. 20 წელი მსუბუქია? ასე პუბლიკანტები რომ გახდით, იმიტომ მიუსაჯეს ჩემს შვილს. ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
როგორ გეკადრებათ, დღესაც რომ გამოუშვან, ჩემს შვილს უკან დავაბრუნებ, მე ის დედა არ ვარ. თქვენი ბევრი ტყუილის გამოა ეს, ბევრი ტყუილი გაქვთ ნათქვამი! კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!” – განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.



