ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული, რაც უკავშირდება მოპასუხი მხარის – “ნაციონალური მოძღაობის” მიერ მოსამართლეთა აცილებასთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ინსტიტუცია პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება რამდენიმე შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას და ჩვენი დასაბუთება არის შემდეგი – საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. რადგან თავად ამ სარჩელის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და მთლიანად არის პოლიტიკური, წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
პოლიტიკოსს სხდომაზევე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და მას არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი ლექსიკით საუბრისკენ მოუწოდა.
***
„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ პროცესზე „ლელოს“ წარმომადგენლის კახი სამხარაძის განმარტებით, ერთ-ერთი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, რომლის აცილებასაც ითხოვენ, როგორც ზემდგომი პროკურორი მონაწილეობდა სერჟანტ როინ შავაძის საქმეში.
„ჩვენ ვითხოვთ სამი მოსამართლის აცილებას. ეს განსაკუთრებით იმიტომ, რომ სასამართლომ არ ჩათვალოს, რომ ეს არის ობსტრუქცია სასამართლოსი, რომ ვერ განიხილოს პროცესი. ჩვენ გვესმის მოცემულობა, რომ 7 წევრია დღეს სასამართლოში, მაგრამ უნდა იყოს -9 და ეს მოპასუხე მხარის პრობლემა არ არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის სრული შემადგენლობა. ჩვენ აცილებას ვუყენებთ ვასილ როინიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელმაც უნდა განიხილეს ეს საქმე და ამ სარჩელში მითითებულია კონკრეტული საქმე, რომელშიც იგი მონაწილეობდა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს. ვგულისხმობ, სერჟანტ როინ შავაძის საქმეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვასილი მონაწილეობდა, როგორც ზემდგომი პროკურორი, ამ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ეს აჩენს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვს, რაც სრულიად საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ჩვენ დავინახოთ ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი“.- განაცხადა კახი სამხარაძემ.
***
მანამდე, ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს – “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებლის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიიღო.
– „გთხოვთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა და გამოიყენოთ“, – მიმართა ცუცქირიძემ მოსამართლეებს სხდომის გახსნამდე.
– „ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, – თქვა ლევან ცუცქირძემ დარბაზიდან გაყვანის დროს.



