„ტრამპის გზის“ პროექტი სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის გზას ხსნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუბიოს თქმით, მისთვის პატივი იყო TRIPP („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
„ეს ისტორიული ნაბიჯია. სომხეთისა და რეგიონისთვის ეს მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება, მთავარი მიზანია ურთიერთობების განვითარება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ.
„მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სომხეთისა და შეერთებულ შტატებს მინერალებზე საიმედო წვდომა ჰქონდეთ“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ და მას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა დავარქვით, – ამის შესახებ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ჩვენ შევძელით შეერთებულ შტატებთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება TRIPP-ის პროექტზე. ადრე ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების, ბირთვული ენერგეტიკის შესახებ და ახლახან ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტს იშვიათი ლითონების შესახებ“, – აღნიშნა მირზოიანმა.
მისი თქმით, მან ახალი დოკუმენტი სასარგებლოა სომხეთისთვის და უპრეცედენტო შესაძლებლობებს ხსნის ქვეყნისთვის.
