სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ საერთაშორისო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება. მან უარყო რუსული მხარის გაფრთხილებები და ხაზი გაუსვა, რომ ერევნის მიზანი მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა არასდროს ყოფილა.
„დიახ, ასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ჩვენ ურთიერთობების განვითარება გვინდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. რა შეიცვალა? ადრე კონფლიქტი გვქონდა აზერბაიჯანთან, ახლა კი მშვიდობა გვაქვს“ – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ ქვეყანა რუსეთთან პარტნიორობის შენარჩუნებას ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად აპირებს. მისი თქმით, ევროინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი შესაძლო არჩევანია, თუმცა განაცხადის შეტანა თავისთავად მიზანს არ წარმოადგენს და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მოითხოვს.
ფაქტობრივად, ფაშინიანმა იგივე თქვა, რასაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს, ოღონდ უფრო ტექნიკურად, როგორც იტყვიან “სომხურად”. ფრაზა “სომხეთი არ გახდება მეორე უკრაინა”, ირიბად, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ უცხოურ ძალებს სურთ სომხეთი მეორე უკრაინად აქციონ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ “ომში ჩაითრიონ”.
ფაშინიანი კი, ამის საპირწონედ, რუსეთისთვის გარკვეულწილად მაამებელ ნაბიჯებს დგამს და ოპონენტებ, ფაქტობრივად იგივეს პასუხობს, რასაც საქართველოს მთავრობა – “აბა, ომი გინდათ?”. ეს ფრაზა, რომელიც ქართველმა ულტრა-ლიბერალებმა “სასაცილოდ” აიგდეს, თურმე, არც ისე “სასაცილო” ყოფილა. შევხედოთ, გამოუვა თუ არა ფაშინიანს ევროპის ერთ ადგილში შეძრომა, ისე, რომ არც რუსეთი “გააღიზიანოს”.


