ელჩი – გერმანიასა და საქართველოს განსაკუთრებულად ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა, დღეს ამ ურთიერთობებზე საუბარი მწუხარების გამოხატვასაც ნიშნავს იმის შესახებ, თუ რამდენად დაზიანდა ეს ურთიერთობები გასულ წელს – რას პასუხობენ “ქართულ ოცნებაში

დღის სიახლეები პოლიტიკა

გერმანიასა და საქართველოს განსაკუთრებულად ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ. თუმცა, დღეს გერმანიისა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბარი ასევე, მწუხარების გამოხატვას ნიშნავს იმის შესახებ, თუ რამდენად დაზიანდა ეს ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისოდ ყველაზე ცნობილ საქართველოს უნივერსიტეტად იქცა, რასაც მხარს უჭერდა დიდი ფინანსური რესურსები, კერძოდ გერმანიიდან და რომელიც, მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიასთან კვლევით სფეროში, დღეს მისი არსებობა საფრთხის წინაშე დგას“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, „ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო საქმიანობა დროებით შეეჩერებინა. ოთხიდან ორმა ფონდმა ოფისები ორი დღის წინ დახურა“.

„პირადად, როგორც ელჩი, ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნო ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არის აშენებული. იქნება ეს სამეცნიერო თანამშრომლობა, სასტიპენდიო პროგრამა თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტები. გერმანიის ფედერალური მთავრობა მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას გააგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის“, – აღნიშნა გერმანიის ელჩმა.

 

მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ გერმანიის ელჩის მიერ ფონდების ნაწილის დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

კირცხალია გერმანიის ელჩს ურჩევს, „ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები“.

„როგორც ვიცი, გერმანიის ელჩი ახალი ჩამოსულია ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ცოტა დრო სჭირდება კარგად გადაავლოს თვალი პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში, კარგად შეისწავლოს და სთხოვოს თავის თანამშრომლებს კარგად შეისწავლონ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რა კუთხითაც ის აკეთებს ამ ხმამაღალ განცხადებებს. მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით. თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ დაფინანსებულიყო და ეს თუ რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი გახდა, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ შემდეგ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს.

ახლა რაც შეეხება ევროკავშირში ურთიერთობებს და ა.შ. მესმის, რომ გერმანია ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია იმ ეკონომიკურ კავშირში, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჰქვია. მე მას ვურჩევდი, რომ ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს, მათ შორის, მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროცესები, მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ყველა ის დინამიკა, რაც მის ქვეყანაში ვითარდება, სხვა წევრ ქვეყნებში რა პოლიტიკური ვითარებაა, სადაა მათი ეკონომიკა დღეს, სად არის ჯამში ევროკავშირის ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევები აქვთ თუნდაც, ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგომატარებლებთან და ტარიფების მიმართულებით, დასაქმების მიმართულებით, თუ რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეობის და ინდუსტრიულ სფეროში, ამის შემდეგ აკეთონ ხმამაღალი განცხადებები… თუნდაც, მხოლოდ განცალკევებულად ამ ჩემი ჩამონათვალის გარეშე რომ განვიხილოთ, მხოლოდ და მხოლოდ გერმანია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, თუ რომელი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში და რომელი ქვეყანა – არა. ასევე, კარგად დაფიქრდნენ, ყოველთვის თავს ვიკავებთ შეფასებებისგან, მაგრამ საზოგადოებაა, პოლიტიკაში ვართ, ყველა ვეცნობით და ვიცით რა ხდება მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, მათ შორის, ევროპაში, ევროპულ პოლიტიკურ ველზე. ასევე, უნდა გადახედონ ალბათ, როცა წევრ ქვეყნებზე აქვთ საუბარი იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ახლა იღებენ, როცა ახალი წევრი ქვეყნები უერთდებიან, არ ექნებათ ხმის, ვეტოს უფლება და ა.შ. და ზოგადად, მმართველობის სტილსაც უნდა გადახედონ, რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *