სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.
ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.
პროკურორი ანი ლეკიაშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა ბრალდების მხარე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას – როგორც სახელმწიფო მბრალმდებელი ირწმუნება, ლევან ახობაძის ახობაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.
მისივე განცხადებით, ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქმეში არსებული გარემოებები დაადასტურა.
ასევე პროკურორის თანახმად, განაჩენამდე ლევან ახობაძეს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარემოებები, ასევე დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო. როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს იყო. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, როცა გარკვეული ახალი გარემოებები არსებობს და ახალ გარემოებად შეიძლება ამ საფრთხეების შემცირება ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში, ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება და განეიტრალება, არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ლევან ახობაძეს შესცვლოდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, 500 000 ლარის ოდენობით და მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად შემცირდა საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა და რაც აღკვეთის ღონისძიებას უდევს საფუძვლად, შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი.


