ავსტრიასა და გერმანიაში ორი ბიზნესმენის სახლი გაჩხრიკეს, რომლებიც რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით 59 მსუბუქი ავტომობილის უკანონოდ ექსპორტში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.
ბიზნესმენებს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, 7 მლნ ევროს ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ.
სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილებმა რუსეთში ანტირუსული სანქციების დარღვევით 53 მსუბუქი და 6 სატვირთო ავტომობილი ექსპორტზე გაიტანეს. პროკურატურის განცხადებით, ავტომობილები 2022 წლის შემოდგომიდან 2024 წლის ბოლომდე მესამე ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს, ბელარუსისა და ყირგიზეთის გავლით იქნა ექსპორტირებული.
8 სექტემბერს გერმანიასა და ავსტრიაში ჩატარებული ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ორი ავტომობილი, Porsche და Mercedes-Benz, ასევე, 85 000 ევროს ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს. საერთო ჯამში, გერმანიაში, ავსტრიასა და ბელგიაში საბანკო ანგარიშებიდან სულ 278 000 ევროს ოდენობით თანხა იქნა ამოღებული.
ცნობისთვის: იანვარში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისმა (OLAF-მა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ფართომასშტაბიანი სქემა გამოავლინა, რომელშიც ევროკავშირში ავტომობილების რამდენიმე ექსპორტიორი და მესამე ქვეყნების იმპორტიორები, მათ შორის, საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და მოლდოვიდან მონაწილეობდნენ.
კერძოდ, საქმე ეხებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან სანქციების დარღვევით 760-ზე მეტი ავტომობილის ექსპორტს, რაც სანქციების დარღვევით უკანონო მიწოდების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა. სულ 766 ავტომობილი იქნა გამოვლენილი, რომლებიც თურქეთში მიწოდებისთვის იყო დეკლარირებული, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ აღმოჩნდნენ.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირიდან მეორადი ავტომობილების საეჭვო ტვირთი აღმოაჩინა და მონაცემები OLAF-ს გადაუგზავნა. პოლონეთის საბაჟოს ცნობით, ავტომობილები სინამდვილეში რუსეთისთვის იყო განკუთვნილი. თითოეულ ავტომობილზე თვალთვალი დაწესდა, რამაც ლოგისტიკური ჯაჭვის რეკონსტრუქცია და ავტომობილების რუსეთში აღმოჩენა გახადა შესაძლებელი. გამოძიების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ევროკავშირის სამ წევრ სახელმწიფოში აღიძრა.
ასევე, აგვისტოში The New York Times-მა საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციის, ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის. ინტერპოლის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 5000 მოპარული კანადური ავტომობილი კონტრაბანდულად შეიყვანეს.
BPN.GE


