პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებებს იხილავს, რომლითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება

დღის სიახლეები ეკონომიკა

პარლამენტი დაჩქარებული წესით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის საფუძველზეც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდებიან.

„ქართული ოცნების“ მიერ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდეა და რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირს წარმოეშობა არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა, 2025 წლის მონაცემების მიხედვით და შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე.

როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებში მიიმართება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით კი, 40 000-იდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირების გათავისუფლების შედეგად მიღებული დანაკარგი 2026 და შემდგომი სამი წლისთვის ჯამში ყველა მუნიციპალიტეტისთვის წლიურად საშუალოდ 22.3 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *