რუსული გამოცემა Meduza რუსეთიდან მომდინარე მიგრანტების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, გამოცემის ცნობით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მობილიზაციის ახალი ტალღის შიშით რუსები მასობრივად გადადიან საცხოვრებლად.
“სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან საცხოვრებლად გადასასვლელად ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად საქართველო, სომხეთი და სერბეთი რჩება. ამ ქვეყნებში რუსების მასობრივ ემიგრაციას პირველები ადგილობრივი რიელტორები ამჩნევენ. meduza-მ თბილისში, ერევანსა
და სხვა ქალაქებში უძრავი ქონების აგენტებისგან გაარკვია, გაიზარდა თუ არა ქირაზე მოთხოვნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენად მოიმატა ფასებმა და რით განსხვავდებიან ახალი კლიენტები 2022 წლის ემიგრანტებისგან.“ – წერს გამოცემა და საქართველოს პუბლიკაციაში ცალკე, ვრცელ ქვეთავს უთმობს.
“რუსეთიდან ემიგრაციის ორი ყველაზე მასობრივი ტალღა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს მოხდა: ჯერ – თებერვალსა და
მარტში, შემდეგ კი – სექტემბერში, როდესაც ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი“ მობილიზაცია გამოაცხადა. 2022 წელს საქართველომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსული ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. საქართველოს შსს-ს მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის პირველ წელს ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიონი რუსი შემოვიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მათგან 62,3 ათასს მიგრანტს უწოდებს. 2026 წელს, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში კვლავ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის 37,7 ათასზე მეტი მოქალაქე (სულ ქვეყანაში 3,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს).“ – წერს meduza, რომელმაც საქართველოში მომუშავე რუსეთიდან გადმოსული უძრავი ქონების აგენტები ჩაწერა.
„რუსი ანა დიდი ხანია გადმოვიდა საქართველოში, ის უკვე ცხრა წელია თბილისში რიელტორად მუშაობს. ივლისის ბოლოდან ის რუსებს შორის ბინებზე მზარდ მოთხოვნას აკვირდება. ახლა ანა საათში ხუთამდე განაცხადს იღებს – მისი თქმით, ეს ძალიან ბევრია. ახალი კლიენტები მის შესახებ ერთმანეთისგან იგებენ.
ანას თქმით, ბინის ქირის ფასები ჯერჯერობით უმნიშვნელოდ – 50–100 დოლარით გაიზარდა. 2026 წლის დასაწყისში ისანში ან საბურთალოზე – თბილისის დიდ საცხოვრებელ უბნებში – ბინის დაქირავება 550 დოლარად იყო შესაძლებელი. ახლა მშენებარე კორპუსებშიც კი საცხოვრებელს 600-700 დოლარად აქირავებენ. 2022 წლის გამეორება არავის სურს, მაგრამ ფასების ზრდა ცალსახად იქნება“ – დარწმუნებულია ანა. მისი პროგნოზით, ბინები, რომლებიც ახლა 600–700 დოლარი ღირს, რამდენიმე თვეში შესაძლოა 900–1100 დოლარად გააქირავონ – იმ პირობით, თუ საქართველოში მეტი ადამიანი ჩამოვა და საცხოვრებელზე მოთხოვნა გაიზრდება.“ – წერია meduza-ს პუბლიკაციაში

