21 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *