ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რიცხვის ზრდას მოელიან

დღის სიახლეები უცხოეთი

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ანომალიურ სიცხეს 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ წინასწარია და სახელმწიფო ორგანოში რიცხვის ზრდას მოელიან.

ყველაზე მძიმე ვითარება დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,025-ს მიაღწია. ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,200 შეადგინა, ნიდერლანდებში კი სტიქიამ 480 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ხანდაზმულ მოსახლეობაზე მოდის. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა 45 წელს გადაცილებულ პირებში ფიქსირდება. ამ ქვეყანაში სახლში გარდაცვალების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 91%-ით გაიზარდა.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთაგან 530 ადამიანი 85 წელზე უფროსი ასაკის იყო, 65 წლამდე პირთა რაოდენობამ კი 180 შეადგინა.

ნიდერლანდებში ანომალიურმა კლიმატმა ძირითადად 80 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

აღსანიშნავია, რომ მაღალმა ტემპერატურამ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესი შეაფერხა და ინფრასტრუქტურაც დააზიანა. კრიტიკული დატვირთვის პირობებში მუშაობა ადგილობრივ საავადმყოფოებსაც მოუწიათ, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სიკვდილიანობის ზრდაზე.

მეცნიერების შეფასებით, ეს ექსტრემალური სიცხე კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირდება. სამედიცინო უწყებების პროგნოზით, მსხვერპლის შესახებ საბოლოო მონაცემები გაცილებით მძიმე იქნება.

ცნობისთვის, ანომალიური სიცხე ევროპაში 20-დან 28 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ექსპერტების განმარტებით, ის რეგიონის ისტორიაში ყველაზე მძიმე კლიმატური მოვლენაა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *