“კუკუშკას” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

დღის სიახლეები ეკონომიკა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ელმავლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში გამარჯვებული შპს „ახალი იმპულსი“ გახდა.

შეგახსენებთ, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.650 მლნ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულ კომპანიასთან 1 170 763 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გამარჯვებული კომპანია 2018 წელს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორი, ისევე როგორც 100%-იანი წილის მესაკუთრე შოთა ხურცილავაა.

როგორც ირკვევა, შპს “ახალი იმპულსს” მონაწილეობა მიღებული აქვს სულ 8 ტენდერში, საიდანაც 7 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო 1 შესყიდვა არ შედგა. “ტენდერების მონიტორის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კომპანიის მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 6 479 013 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, „კუკუშკას“ რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი 2026 წლის 15 მაისს გამოცხადდა და მასში წინადადებების მიღება 29 მაისს დასრულდა.

როგორც ელექტრონული შესყიდვიდან ირკვევა, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაციისთვის „საქართველოს რკინიგზა“ 11-04 ტიპის ელმავლის ნაწილების შეძენას, თანმდევი მომსახურებით გეგმავდა.

უფრო კონკრეტულად, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რკინიგზა კომპრესორებს, ტრანსფორმატორებს, ელმავლის მართვის პულტს, გათბობის სისტემას, LED ნათურებს, მონიტორს, კაბელებს და სხვა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ყიდულობდა.

შეგახსენებთ, პრემიერის ირაკლი კობახიძის 2026 წლის აპრილში გაკეთებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია რომ ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი მოქალაქეებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახუროს.

მისი თქმით, ხაზი, რომელიც 2020 წლიდან გაჩერებული იყო, სრულად განახლდება – რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე 5 შესაბამის სარკინიგზო სადგურს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *