მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს აღნიშნავს კრებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (ხსენება წმიდა ხატის პოვნისა) (864); ხსენებას ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, არქიმანდრიტისა (459); ღირსი მართასი, დედა სვიმეონ მესვეტისა (+428); მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ებოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე); ხსენება ღირსმოწამისა ტატიანასი (გრიბკოვა) და მოწამისა ნატალიასი (კოზლოვა, +1937); ხსენება წმინდისა ექვთიმესი; ღირსი მელეტი ახალი (+დაახლ. 1105); ღირსი ნიკოლოზ კურთალიელი (+1679); წმინდა მოწამე ანგელი (+1680); ღირსი აიდო სტანოსელი (+1821), საეკლესიო ახალ წელი.
ღირსი სვიმეონ მესვეტე და დედა მისი მართა
ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში.
თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი ბერად აღიკვეცა და ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. რომელიც მან ააგო.
ღირსი მამა სვეტზე მოწყობილ ვიწრო სენაკში მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.
უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.
როცა მართამ, წმინდანის დედამ, შვილის ამბავი შეიტყო, სანახავად მივიდა. იგი ზღუდის შესასვლელთან გაჩერდა და მწარედ ატირდა, მაგრამ სიმეონმა მისი ნახვა არ მოისურვა და შეუთვალა:
– ახლა ნუ შემაწუხებ დედაო და თუ დავიმსახურებთ, ერთმანეთს იმ ქვეყნად შევხვდებით.
მართას შვილის ნახვა კიდევ უფრო ძლიერ მოუნდა, ხოლო ნეტარმა ისევ ვედრებით შეუთვალა, რომ ცოტა ხანი უხმოდ მოეცადა. დედა ზღუდის კარების წინ დაწვა და სული უფალს მიაბარა. მისი აღსასრულის შესახებ წმიდა სიმეონმა მაშინვე შეიტყო და გვამის სვეტთან მისვენება ითხოვა. როცა მან დედა დაინახა, ცრემლებით დაიწყო ლოცვა მისთვის. ლოცვის ჟამს წმიდა მართას სხეული შეინძრა, ხოლო სახეზე ღიმილი გამოესახა. ყველა, ვინც ეს იხილა, გაოცდა და ღმერთს ადიდებდა. იგი სვეტთან დამარხეს.
ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.
წმიდა მოწამენი: კალისტა და ძმანი მისნი ევოდი და ერმოგენი
წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი – ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი _ 309 წელს) მახვილებით განგმირეს.
წმიდა მოწამე აითალა დიაკონი
წმიდა მოწამე აითალა დიაკონი სპარსეთის მეფის, საპორ II-ის ბრძანებით ქრისტეს აღსარებისთვის ქვებით ჩაქოლეს 380 წელს.
მართალი ისუ, ძე ნავესი
მართალი ისუ, ძე ნავესი ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში.
ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა. ბოლოს გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ლოცვით და ბრძანებით მზე გაჩერდა და „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როცა მტერი საბოლოოდ დამარცხდა.
ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს).
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
