როგორ გამოვარჩიოთ ნამდვილი რძის ნაწარმი? – 2027 წლიდან ეტიკეტირების ახალი სტანდარტი ამოქმედდება

დღის სიახლეები ეკონომიკა

2027 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს ბაზარზე რძის შემცველი პროდუქციის ეტიკეტირებისა და დახლებზე განთავსების წესები მკაცრდება. საქართველოს მთავრობის №429 დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“.

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებისა და „სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის“ უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რამდენიმე ახალი სავალდებულო მოთხოვნა ამოქმედდება. კერძოდ:

  • ბაზარზე განთავსებული რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში განთავსებული უნდა იქნეს სპეციალური „უნივერსალური პიქტოგრამა“.
  • თუ შეფუთვას აქვს რამდენიმე მსგავსი ხედვის ძირითადი არეალი, ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ადგილმდებარეობა, რომლის დანახვა სურსათის შეძენისას მომხმარებლის მიერ ერთი შეხედვით ყველაზე მეტად არის შესაძლებელი და რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწრაფად განსაზღვროს სურსათის მახასიათებლები.
  • არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი მომხმარებლისათვის წარდგენილი უნდა იქნეს რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით.

დადგენილების მიხედვით, „უნივერსალური პიქტოგრამა“ უნდა იყოს წითელი ფერის და შეესაბამებოდეს დოკუმენტით განსაზღვრულ მოდელს.

documentimage-1788870915

„შეფუთული ან ტარაში მოთავსებული რძის შემცველი პროდუქტისათვის უნივერსალური პიქტოგრამის დიდი ღერძის სიგრძე (AB) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.0 სმ-ს, ხოლო პატარა ღერძის (CD) სიგრძე − არანაკლებ 2.0 სმ-ს.

უნივერსალური პიქტოგრამა წარმოადგენს ფაილს – ai- Adobe Illustrator ან PDF cmyk ფერების სპექტრში. კერძოდ, უნივერსალური პიქტოგრამა უნდა იყოს წითელი ფერის და განსაზღვრული CMYK ფერთა სპექტრში: CMYK 0/100/100/0 – CMYK 0/100/80/0.

უნივერსალურ პიქტოგრამაში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ფონის კონტრასტული, ფიზიკურად ხილვადი, რაც მომხმარებლისათვის მის ვიზუალურად აღქმასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უნივერსალურ პიქტოგრამაში ინფორმაციის განთავსებისას, ნუსხური („პატარა“) ასოს სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2.0 მმ-ს.

ფონტი გადაყვანილია ვექტორში.

დაუშვებელია უნივერსალური პიქტოგრამის ფერებისა და დიზაინის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პიქტოგრამა განთავსებულია მსგავსი ფერის ფონზე, რაც ართულებს მის ვიზუალურ აღქმას. ამ შემთხვევაში, ფონთან კონტრასტის შექმნის მიზნით, საჭიროა უნივერსალური პიქტოგრამის საზღვრების კონტურის ხაზის შავი ფერის ჩარჩოში ჩასმა.“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილება ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *