წერილები არ ჰგავს ღარიბაშვილის დაწერილს, ეს არის რაღაც სქემის ნაწილი. სქემას ვინ მართავს ცალკე თემაა, არ გამოვრიცხავ თვითონ ბიძინა [ივანიშვილი] მართავდეს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, წერილებს წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს, თუმცა, მისივე თქმით, მათში კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ არის.
„ წერილები წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რადგან ფაქტებზე არ არის საუბარი. ამასთანავე, ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა, არ აინტერესებს და საკუთარ ოჯახს იცავს. ჯერ-ჯერობით მორიგი სანახაობაა. ეს წერილები არ ჰგავს ღარიბაშვილის დაწერილს. ეს არის რაღაც სქემის ნაწილი. ამ სქემას ვინ მართავს ცალკე თემაა, არ გამოვრიცხავ თვითონ ბიძინა მართავდეს. მე ამას ვუშვებ, რადგან ვიცი ღარიბაშვილის შესაძლებლობები. ეს წერილებიც დიდი არაფერიც არ არის, მაგრამ თუ გეგმა არსებობს და ეს გეგმა ვერ იქნება ღარიბაშვილის გეგმა, რადგან მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ამის შესაძლებლობას არ იძლევა. თუ გეგმა არსებობს, ამ წერილებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ეფექტი, თუ ეს თამაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, სავარაუდო გეგმის მიზანი შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის დასუსტება და „ჩარეცხვა“ იყოს.
„ამოცანა არის კობახიძის გუნდის დასუსტება, „ჩარეცხვა“, უკვე აღარ არის შორს, რადგან კობახიძე თვითონ არის სტერილური უკვე, და ეს ყველაფერი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელდება, მათ შორის, იმ ადამიანებმაც ვერაფერი თქვან, ვინც დღეს ამაგრებს კობახიძეს. ეს ადამიანები, სავარაუდოდ რუსეთში სხედან. ეს არის ერთადერთი ლოგიკური თეორია, რაც აზრად მომდის“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის განცხადებით, თუკი ღარიბაშვილს ხელისუფლების „შეზანზარება“ სურს, წერილებში კონკრეტულ ფაქტებზე უნდა ისაუბროს.
„ღარიბაშვილი სიღრმისეული ინფორმაციის მატარებელია, თუ მას რეალურად უნდა ხელისუფლების შეზანზარება და რეალურ კრიზისში გადაყვანა, მას შეეძლო კონკრეტული ფაქტები დაედო და არა ვარაუდებზე ესაუბრა – ჯორბენაძესთან დაკავშირებით. მას ფაქტი არ დაუდია, იგივე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით მან უბრალოდ კითხვა დასვა. ბრალიც კი არ დაუდია, რომ ჯორბენაძე მოკლულია, ამასაც არ ამბობს, ის სვამს კითხვას თუ რა მოხდა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რა ბედი შეიძლება ელოდებოდეს ირაკლი კობახიძეს, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის მომავალი მის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძეს აქტიურად უჭერენ მხარს, ვითარების შეფასებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ამასთან, პოლიტოლოგი თვლის, რომ შესაძლოა შემდეგი იყოს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც აალაპრაკებენ მას შემდეგ, თუ ირაკლი ღარიბაშვილის საკითხი არ იქნება საკმარისი.
„ამოცანა არ არის დაჭერა. ამოცანაა ადამიანები გაქრნენ რუკიდან და მათი მხრიდან პოტენციური საფრთხეც არ არსებობდეს. არც ღარიბაშვილს დაიჭერდნენ, რაც უთხრეს ის რომ გაეკეთებინა. წინასწარ პროგნოზირება რთულია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა კობახიძე. ახლა მდინარაძეც დაკვირვების ქვეშ არის. როგორც მოიქცევიან ესენი, იმის მიხედვით მოიქცევა სისტემა.
თუკი ჯორბენაძე არ გახდა საკმარისი, შემდეგ შეიძლება რიჟვაძე ალაპარაკონ. გამოძიებულია რიჟვაძის თემა? ადამიანი საუბრობდა მუქარაზე, შემდეგ თვითმკვლელობამდე მივიდა და საბოლოოდ გააქრეს კაცი. მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა ეს ერთი საქმეა. თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით საქმე არ იხურება, რამ მიიყვანა ადამიანი თვითმკვლელობამდე? ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა იგივე სიმძიმის დანაშაულია, რაც მისი მკვლელობა.
არ უნდა ვიცოდეთ, ჯორბენაძემ მორწმუნე ადამიანმა, თავი რატომ მოიკლა? რიჟვაძე ცოცხალია და ჩუმად არის. რატომ არის ჩუმად? არ იქნება ღარიბაშვილი საკმარისი, რიჟვაძე ალაპარაკდება. ეს ყველაფერი, რაც უფრო შორს წავა, მით უფრო მძიმედ დაასრულებენ.
„ქართულ ოცნებაში“ ვოლსკი და ვიღაცები რომ ლაპარაკობენ, კობახიძეს ძალიან რომ უჭერენ მხარს, ორ კვირაში უკუღმა ლაპარაკი არ მოუწიოთ, ცოტა გაჩერდნენ და სიღრმეში ჩაიხედონ რა ხდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის დუმილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილი ელოდება ყველაფრის არევას, რომ შემდეგ „დაალაგოს“.
„ივანიშვილს აქვს სტრატეგია. ახლა ხმა რატომ უნდა ამოიღოს? თამაში მიმდინარეობს. მისი კომენტარი ახლა საერთოდ არ არის საჭირო. მას აქვს სტრატეგიული მოთმინების უნარი, გარკვეულ კონდიციამდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი, იმისათვის, რომ არეული დაალაგოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
