სასწავლებელი თბილისში ეგონათ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს – რას ითხოვენ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები

დღის სიახლეები საზოგადოება

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა.

მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ ხარჯებზეც, რაც სტუდენტის ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ახლავს – ბინის ქირა, კომუნალურები, საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან არ ეგონათ, რომ მათი შვილები მაღალმთიან აჭარაში მდებარე უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდნენ.

მათი ინფორმაციით, „ამ გაუგებრობაში“ ათობით სტუდენტი აღმოჩნდა. სტუდენტების ნაწილმა პირველ სექტემბერს განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანა და პრობლემის მოგვარება ითხოვა.

ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები აცხადებენ, რომ გაუგებრობა უნივერსიტეტის სახელწოდებამ გამოიწვია.

ხიჭაურის უნივერსიტეტს ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”. სტუდენტების ნაწილს ეს სახელწოდება აერია „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში”, რომელიც თბილისში მდებარეობს, ზოგიერთი სტუდენტი კი ამბობს, რომ რეგიონში მდებარე ყველა უნივერსიტეტის სახელწოდებაში მითითებულია მისი მდებარეობა და რადგან ამ შემთხვევაში ქალაქი დაკონკრეტებული არ იყო, ავტომატურად ჩათვალეს, რომ ეს უნივერსიტეტი თბილისში უნდა ყოფილიყო.

სტუდენტებს 2 კვირაზე ნაკლები აქვთ სამინისტროსგან პასუხის მიღებისა და გადაწყვეტილების მისაღებად.

“ბათუმელები”

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *