2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%).
კერძო სახლები ბინებთან შედარებით სწრაფად ძვირდება
ანგარიშის მიხედვით, ფასების მატების ტემპი უფრო მაღალია კერძო სახლების სეგმენტში.
კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად – 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ კი 72%-ს გადააჭარბა.
ბინების შემთხვევაში კვარტალურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირება 5.6%-ია.
რაც შეეხება 2020 წლის საშუალოსთან შედარებას, თბილისში ბინები 6 წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.
რა ღირს 1მ² ბინა თბილისში, უბნების მიხედვით?
2026 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს ვაკე და კრწანისი, ათეული კი ასე გამოიყურება:
- მთაწმინდა – 7 004 ლარი
- ვაკე – 6 046 ლარი
- კრწანისი – 4 635 ლარი
- საბურთალო – 4 444 ლარი
- დიდუბე – 4 168 ლარი
- ჩუღურეთი – 4 121 ლარი
- ისანი – 4 032 ლარი
- ნაძალადევი – 3 932 ლარი
- გლდანი – 3 830 ლარი
- სამგორი – 3 657 ლარი
რა ღირს 1მ² კერძო სახლი თბილისში, უბნების მიხედვით?
კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული უბანი ვაკეა:
- ვაკე – 4 517 ლარი
- მთაწმინდა – 4 430 ლარი
- ჩუღურეთი – 3 637 ლარი
- საბურთალო – 3 543 ლარი
- დიდუბე – 3 448 ლარი
- ისანი – 3 213 ლარი
- გლდანი – 2 993 ლარი
- კრწანისი – 2 961 ლარი
- სამგორი – 2 839 ლარი
- ნაძალადევი – 2 798 ლარი
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, მისი ჩაბარების მდგომარეობის მიხედვით, დასრულებული ბინების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ასე განაწილდა:
მწვანე კარკასი: 4 493 ლარი (გასულ კვარტალში – 4 409 ლარი);
თეთრი კარკასი: 3 752 ლარი (გასულ კვარტალში – 3 703 ლარი);
შავი კარკასი: 3 287 ლარი (გასულ კვარტალში – 3 340 ლარი).
ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) მხოლოდ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს და ეფუძნება ვებგვერდებიდან ავტომატურად შეგროვებულ შეთავაზების ფასებს, რომელთა დამუშავებაც ჰედონური მეთოდოლოგიით ხდება.



