ბილ გეიტსი – მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს

დღის სიახლეები უცხოეთი

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არ არის მზად იმ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებისთვის, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გამოიწვევს.

მილიარდერმა ვრცელ წერილში აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკური გათანაბრების ინსტრუმენტი ან უკიდურესი უთანასწორობის წყარო. მილიარდერი მეწარმე ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და საზოგადოება ამ გამოწვევებს სათანადოდ უპირისპირდებიან. მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უმტკივნეულო გადასვლის სამოქმედო გეგმა ამჟამად არ არსებობს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წინა ტექნოლოგიური რევოლუციებისგან განსხვავებით, ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის გონებრივი შრომის ჩანაცვლება გაცილებით სწრაფად შეუძლია, ვიდრე სამუშაო ადგილების დაკარგვის წინაშე მდგარი კადრები ახალი უნარების ათვისებას შეძლებენ. ბილ გეიტსის განმარტებით, პირველადი დარტყმის ქვეშ საოფისე სექტორში მომუშავე პერსონალი, მათ შორის გაყიდვების, მომხმარებელთა მხარდაჭერის, პროგრამული ინჟინერიისა და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდებიან. ამასთან, რობოტების გაიაფებასთან ერთად, წნეხი გაიზრდება ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებზეც, ხოლო შრომის ბაზარზე ახალგაზრდებისთვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

რაც შეეხება პროცესების მართვის გზებს, მილიარდერი გამოსავალს ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნაში ხედავს, რომლებიც დასაქმების, საგადასახადო, ენერგეტიკულ, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას კოორდინაციას გაუწევენ. მისი თქმით, გლობალური რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელიც ბირთვული იარაღის ინსპექტირების, საერთაშორისო ავიაციის რეგულაციებისა და ოზონის შრის დაცვის შეთანხმებების მოდელებს დაეფუძნება.

პარალელურად, გეიტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას ისეთი გლობალური გამოწვევების მოგვარებაშიც შეუძლია წვლილის შეტანა, როგორებიცაა სუფთა ენერგიის წარმოება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და დაავადებების აღმოფხვრა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *