საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე ვრცელდება.
სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლონეთიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა 330%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2023 წელს პოლონეთიდან 3 000 უცხოელი გააძევეს, ხოლო 2025 წელს დეპორტაციების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 6 000 უცხოელი იქნა გაძევებული.
იანვარ-ივნისის პერიოდში პოლონეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცემული სამუშაო ვიზების რაოდენობა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, განახევრდა.
კერძოდ, წლის პირველ ნახევარში პოლონეთში უცხოელებზე სულ 69 000 სამუშაო ვიზა გაიცა. მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 144 000-ს, ხოლო 2024 წლის იანვარ-ივნისში 173 000-ს შეადგენდა.
ამასთან, წლის პირველ ნახევარში პოლიციამ ქვეყანაში ვადაგასული სამუშაო ნებართვით 11 000 უცხოელი დააკავა. 2025 წელს ასეთი დაკავებების რაოდენობა 70%-ით ნაკლები იყო.
19 აგვისტოს პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მემარჯვენე გაერთიანება „განვითარება+“-ის ლიდერი, მათეუშ მორავეცკი უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციისთვის სპეციალური სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ასევე, მისი ინიციატივით, პოლონეთში მყოფი ყველა უცხოელი მიგრანტის ონლაინ-დოსიე უნდა შეიქმნას.
BPN
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
