საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სტუმარმა უწმინდესს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ამ ვიზიტისა და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გაიხსენა პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გულთბილი მილოცვა.
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე ემანუელ, მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ. მოხარული ვართ, ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომ თქვენი სტუმრობით დღეს, ერთი მხრივ, ოფიციალურად წარმოადგენთ მსოფლიო საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი, ჩვენ უკვე იმდენჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ ეს არის ასევე მეგობრული განწყობის მქონე შეხვედრაც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჩვენს შეკრებას და იმედს იძლევა შემდგომ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, მის ყოვლადუწმინდესობას ჩვენგან გადასცეთ თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიებისა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობის და ასევე პირადად თქვენს ძალიან თბილ და ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი, მისი პიროვნებისადმი (როცა ის ცოცხალი იყო), რასაც მისი ყოვლადუწმინდესობა და თქვენ ავლენდით და ავლენთ მის მიმართ.
მინდა აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება. და აი, ღვთის წყალობით, მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს-პატრიარქად. მინდა გავიხსენო და არასდროს დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ჩვენ, ყველას“, – ბრძანა სტუმართან საუბრისას მისმა უწმინდესობამ.
„ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის, ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები. საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. მინდა ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დატოვებული მემკვიდრეობა.
თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას. ეს საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი, ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რომელიც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის.
მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა, რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი და შეტყობინება: დიდი სიხარულით გელოდებით.
თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს“, – ბრძანა სტუმარმა შეხვედრის მიმდინარეობისას.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე მსჯელობას.
შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სტუმარს საჩუქრები უსახსოვრა. მიტროპოლიტ ემანუელს ასევე გადაეცა მსოფლიო პატრიარქისთვის განკუთვნილი საჩუქარი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
