გიორგი გახარიას ადვოკატი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

დღის სიახლეები პოლიტიკა

მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას, ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში აგორებულ „ტყუილს და პროპაგანდას“ თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული საგუშაგოს გამო საქართველომ მილიონობით კვადრატული მეტრის მიწა დაკარგა, თავად ირაკლი კობახიძის განცხადება ჰფენს ნათელს და ადასტურებს, რომ ტყუილია.

„დღეს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების მხარეს არ ეყოლება წარმოდგენილი მოწმე და მხოლოდ ფორმალურად იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე. თუმცა, დაცვის მხარე დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით ასევე, მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას. საქმე შეეხება იმ გარემოებას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და დეზინფორმატორები „ქართული ოცნების“ პარლამენტში აცხადებდნენ, რომ მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი დაკარგა ქვეყანამ გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, როდესაც ჩორჩანაში ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღიმართა საპოლიციო საგუშაგო და ამას თავად ტირაჟირებდნენ ირაკლი კობახიძე და მდინარაძის ხელქვეითი დეპუტატები პარლამენტში.

მინდა გაგახსენოთ, რომ 2026 წლის 11 აგვისტოს განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, სადაც რეალური ინფორმაცია წამოსცდა. შინდისის მემორიალთან აკეთებს ირაკლი კობახიძე განცხადებას, რომ რუსეთს 2012 წლის შემდეგ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ფაქტობრივად, ამით პირდაპირ აღიარა, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებული ნარატივი, თითქოს ქვეყანას ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვა ტერიტორიულ ოკუპაციად დაუჯდა იყო მტკნარი სიცრუე პროპაგანდისტული გზავნილი და ზუსტად ემთხვეოდა ერთი-ერთში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გზავნილებს. როდის იტყუება ეს ადამიანი?როგორც ამბობენ, მატყუარას მეხსიერება და სინდისი არ აქვს და ფაქტია, რომ მას მეხსიერება და სინდისი არ აქვს. დაავიწყდა რა საქმე ჰქონდა გაშლილი გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ სასამართლო დაუშვებს ირაკლი კობახიძეს ამ გამოსვლას, როგორც მტკიცებულებას და გამოვიძახებთ მას სასამართლოში, რადგან ამ ადამიანს, რომელიც მთავრობის მეთაურად და საქართველოს პრემიერ მინისტრად იწოდება ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ და ის ნარატივი, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს აგებით თითქოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა არის მტკნარი სიცრუე ,პირიქით გიორგი გახარიამ ჩორჩანაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 მილიონი კვადრატული მეტრი შეუნარჩუნა ჩვენ ქვეყანას. ვნახოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიღებს და იმედი მაქვს არ იტყვის, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერ -მინისტრის სიტყვები არაფერს არ ნიშნავს“ , – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *