ტელეკომპანია “ტვ პირველი” 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

დღის სიახლეები საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი” „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიის არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში “იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები”.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ასევე ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. კანონმდებლობით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.

„ტელეკომპანია პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა. ამჯერად, ანალოგიური დარღვევის ჩადენისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა, არაუმეტეს მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ისა. ამასთანავე, კომისიამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სანქციით – 5000 ლარით დააჯარიმა”, – ვკითხულობთ კომკომის განცხადებაში.

„ტვ პირველის” დაჯარიმებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ტელევიზიაზე ზეწოლად აფასებს. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისია ცდილობს, ტელეკომპანიას დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარი ათქმევინოს, რათა „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი არ შეექმნას.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია განაგრძობს ზეწოლას ტელევიზიებზე „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის ხმარებიდან ამოსაღებად.

ამჯერად მისი სამიზნე „ტვ პირველი“ გახდა, რომელსაც კომისია ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებასა და ფაქტების გადაცემისას ჯეროვანი სიზუსტის დაუცველობას ედავება.

დღეს „ტვ პირველი“ კომისიამ 5,000 ლარით დააჯარიმა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს „ტვ პირველისთვის“ უკვე მესამე სანქციაა. მსგავსი დარღვევებისთვის კომისიამ ის წერილობით გააფრთხილა აპრილში, ხოლო ივნისში ჯარიმის სახით 2 500 ლარის გადახდა დააკისრა.

კომისიამ მიიჩნია, რომ ახალი ამბების გაშუქებისას „ტვ პირველმა“ 52-ე მუხლის, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას ეხება, პირველი და მეორე პუნქტები დაარღვია, სწორად ვერ გადმოსცა რა პოლიციის მაღალჩინოსნის გოგა მემანიშვილის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე. ტელეკომპანიამ ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“ და სხვა, ასევე დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება, მეხუთე პუნქტი.

კომისიამ ივნისში „ტვ პირველი“ ისეთი ტერმინებისა და ფრაზების გამოყენებისთვის დასაჯა, როგორებიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ და სხვა.

2025 წლის მარტში მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული შესწორების საფუძველზე, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივ საკითხებზე ზედამხედველობის მანდატი მიანიჭა, კომისია პროაქტიულად ატარებს მედიამონიტორინგს და ტელეკომპანიებს პერიოდულად დარღვევების შესახებ პრეტენზიებს უყენებს. ამგვარი ქმედება კომუნიკაციების კომისიას, რომლის კავშირები მმართველ პარტიასთან – „ქართულ ოცნებასთან“ – კარგად არის დოკუმენტირებული და დასაბუთებული, აქცევს ერთგვარ „ცენზურის სააგენტოდ“, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის გამტარად.

ტელეკომპანიებზე სისტემური ზეწოლით კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს, მათ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარი ათქმევინოს, რათა დისკომფორტი არ შეექმნას „ქართულ ოცნებას“. ამგვარი მცდელობები და დამოკიდებულებები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“ და მის გუნდს, რომელიც, წნეხის მიუხედავად, განაგრძობს პროფესიული მოვალეობის შესრულებას საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და არ იშურებს ძალისხმევას სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად”, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *