ისტორიკოსი გიორგი კალანდია ლონდონში აღმოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების (Royal Asiatic Society) კოლექციაში დიდი ქართველი მხატვრის — ალექსანდრე შერვაშიძის არქივი აღმოჩნდა, რომლის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასულ წელს აფხაზეთში გაჩენილ ხანძარს შეეწირა:
“ძალიან მაგარი ამბავი მაქვს!
ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების (Royal Asiatic Society) კოლექციაში დიდი ქართველი მხატვრის — ალექსანდრე შერვაშიძის არქივი აღმოჩნდა!
ამ აღმოჩენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც ანიჭებს, რომ საუბარია სწორედ იმ ალექსანდრე შერვაშიძეზე, რომლის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასულ წელს აფხაზეთში გაჩენილ ხანძარს შეეწირა.
ალექსანდრე შერვაშიძე მავანმა რატომღაც „აფხაზ მხატვრად“ გამოაცხადა. თუმცა თავად მხატვრის მიერ დატოვებული დოკუმენტები მის იდენტობასა და კულტურულ გარემოზე ბევრად უფრო მეტს და გაცილებით საინტერესოდ გვიყვება: იგი ხელს აწერდა შერვაშიძედ და არა ჩაჩბად, საკუთარ ფაქსიმილეს ქართული ასოებით ასრულებდა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ლონდონში მცხოვრებ ქართველებთან.
ახლად აღმოჩენილი არქივი კიდევ ერთი თვალსაზრისით არის უაღრესად ძვირფასი: მასში დაცულია ალექსანდრე შერვაშიძის ხელით შედგენილი გენეალოგია, სადაც ქართული საგვარეულო სახლების წარმომადგენლებს, მათ შორის დადიანებს, არაერთხელ ვხვდებით.
ეს არქივი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. მისი ციფრული ასლები ხელოვნების სასახლეში დაცულ ალექსანდრე შერვაშიძის კოლექციას შეემატება, რაც მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, მხატვრის ცხოვრებას, შემოქმედებას, ოჯახურ ისტორიასა და მის ქართულ კულტურულ კავშირებს კიდევ უფრო საფუძვლიანად გაეცნონ.
განსაკუთრებული მადლობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომლის დაფინანსებითაც ვიმყოფები ლონდონში და მაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაო ამ უმნიშვნელოვანეს მასალებზე.
ასევე უდიდესი მადლობა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურ საზოგადოებას (Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland) მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომლის წყალობითაც საშუალება მეძლევა ვიმუშაო საზოგადოების კოლექციებში დაცულ ქართულ არქივებზე.
ასეთი აღმოჩენების დროს განსაკუთრებით კარგად ხვდები, რამდენი ქართული ისტორია ჯერ კიდევ გველოდება მსოფლიოს არქივებში. P.S ფოტოზე: ალექსანდრე შერვაშიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს მონტე-კარლოს მერი” – წერს გიორგი კალანდია.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
