სომხეთი არჩევნებს პოლიტიკოსთა დაპატიმრებებით ხვდება – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სომხეთმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ექვსი პრორუსული ოპოზიციური კანდიდატი დააკავა.

ქვეყნის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებლებს უფლება მისცა, ექვსი კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, დეტალების გაცემის გარეშე.
ყველა დაკავებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ წევრია, რომელიც შინაპატიმრობაშია მთავრობის დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. თავად ბრალდებებს ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

კვირას სომხეთში დაგეგმილ არჩევნებში, დაახლოებით, 2.4 მილიონი სომეხი მიიღებს მონაწილეობას.
გამოკითხვების თანახმად, „ძლიერი სომხეთის“ პარტიას ამომრჩეველთა 6%-დან 11%-მდე მხარდაჭერა აქვს და მეორე ადგილზეა ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს 24%-დან 32%-მდე.

სომხური მედიის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ჩადენილი დანაშაულის, სულ მცირე, 78 შემთხვევა გამოავლინა და 44 ადამიანი დააკავა. ანგარიშებში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებს მიეკუთვნებოდნენ დაკავებულები.

კვირას დაგეგმილი არჩევნების წინა პერიოდში, იზრდება ზეწოლა პარტია „ძლიერი სომხეთზე“, რომელიც ერევნის რუსეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს უჭერს მხარს და ფაშინიანს მოსკოვთან ომის გაღვივებაში ადანაშაულებს.

რიგგარეშე სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლითაც „ძლიერი სომხეთისთვის“ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა მოითხოვეს ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების და სხვა საკითხების ბრალდებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *