“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს” – კახა კალაძე თბილისში მოსულ უხვ ნალექზე

დღის სიახლეები საზოგადოება

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.

ამასთან, კალაძის თქმით, ზოგი ადამიანი ყოველ ძლიერ წვიმას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე პრობლემები შეგვიქმნა. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ახლაც გრძელდება ეს ყველაფერი, რათა მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს ქუჩები. როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ, პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ. გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს ზედაპირულად აგებდნენ. ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ,ესა არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, თუმცა არაფერი არის საგანგაშო. ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“,- განაცხადა კალაძემ.

გამოიწერეთ პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *