თბილისი-რუსთავის, თბილისი-აეროპორტის, თბილისი-ლილოს და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი საქალაქო მატარებლის (მიწისზედა მეტროს) პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 27 ივლისამდე გახანგრძლივდა. ტენდერი დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს პროექტზე გამოცხადებული ტენდერის გახანგრძლივების რიგით მესამე შემთხვევაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.
კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.
ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. საკონსულტაციო კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენისთვის ვადა 27 ივლისამდე აქვთ.
თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა იმუშავებდნენ. პრეზენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.
bm.ge
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
