ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ!

დღის სიახლეები პოლიტიკა

ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – მაშინ როცა საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ! – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე – ცალკე, „მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა“.

„2024 წელს და 2025 წელს არჩევნებში ხელისუფლებამ მილიონ 100 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს ქართველი ხალხისგან ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს. როდესაც ასეთ დროს ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან ხელოვნურად განაცალკეონ, ეს ის მიდგომაა, რასაც მანამდე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვიცნობდით, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ არ ცნობს, ახლა ვხედავთ, რომ ქალბატონო კაია კალასი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც ევროპული ბიუროკრატიისთვის ღიმილის მომგვრელი და ძალიან ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *