ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება ხალხის ფულს იპარავს – ასეთი მასშტაბის კორუფცია შევარდნაძის დროსაც არ აქვს საქართველოს ნანახი – “ლელო”

დღის სიახლეები პოლიტიკა

ბოლოდროინდელმა დაკავებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციაც შევარდნაძის დროსაც არ აქვს დამოუკიდებელ საქართველოს ნანახი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კლანურ დაპირისპირებაში იმყოფება წინა მმართველ გუნდთან და მხოლოდ ამის გამო ხდება დაკავებები და ამ ყოველივეს რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 9 რეგიონში კორუფციის ბრალდებით 28 პირი დააკავა, რომელთა საქმიანობითაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს დაახლოებით 700 000-მდე ლარის ზიანი მიადგა. ამ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი, როგორიცაა ქრთამის აღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადდება, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი თანხების და მიწის ნაკვეთების მითვისება. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემა არის სისტემური და „ქართული ოცნება“ არათუ მას ებრძვის, არამედ თხემით ტერფამდე კორუფციაშია გასვრილი. მმართველობის ყველა რგოლში კორუფცია არის ცხოვრების წესი, ამით სულდგმულობს მთელი საქართველოს საჯარო მმართველობითი სისტემა. ბოლოდროინდელმა დაკავებებმა ჯამში აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად როგორი მასშტაბის კორუფციაც ედუარდ შევარდნაძის დროსაც არ აქვს დამოუკიდებელ საქართველოს ნანახი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 9 რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 პირია მიცემულია.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *