საეკლესიო კალენდარში 10 ივლისი არის გიორგი მთაწმინდელის, ორმოცდახუთი მოწამის, ნიკოპოლში წამებულთა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე ხსენების დღე.
წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს, და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ. ღვთის ნებით, წმინდანებს შეუერთდა კიდევ ხუთი გამორჩეული ქრისტიანი: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი და ალექსანდრე, რომელთაც მათი წინამძღვრობა იტვირთეს. აღმსარებლები სასტიკად სცემეს, შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს.
საკანში გამოკეტილი წმიდანები ხარობდნენ და დავითის ფსალმუნებს გალობდნენ. წმიდა ლეონტი ამხნევებდა მათ. ნეტარი შიშობდა, ვაითუ ზოგიერთებმა ტკივილებს ვერ გაუძლონ, სულით დაეცნენ, რწმენა შეერყეთო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო აღმსარებელთა სულები. შუაღამით, როცა მარტვილები ფსალმუნებს გალობდნენ, უეცრად ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მათ წინაშე, საკანი ზეციური შუქით გაანათა და წმიდანებს ამცნო, თქვენი ღვაწლი დასასრულს უახლოვდება, სახელები კი უკვე დაწერილიაო ცათა შინა. საპყრობილის მცველები, მენევსი და ბირილადე შეესწრნენ ამ სასწაულებრივ გამოცხადებას და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეორე დღეს მმართველმა ქრისტეს ტარიგთა სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. წმიდანები ცეცხლში დაწვეს, უვნებლად გადარჩენილი მათი წმიდა ძვლები კი მდინარეში გადაყარეს ( 318). ღვთისმოყვარე ადამიანებმა იპოვეს წმიდანთა ნაწილები და ერთ ადგილას დაფლეს დიდი პატივით. მოგვიანებით, როცა ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიენიჭა, ამ ადგილზე წმიდა ორმოცდახუთი მოწამის სახელობის ტაძარი ააგეს.
გიორგი მთაწმინდელი
თრიალეთში (სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო), მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში – 1009 წელს, სახელმწიფო მოღვაწე ღმრთისმოსავი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა გიორგი მთაწმინდელი. მისი მშობლები დიდგვაროვანი ხალხი იყო – იაკობი და მარიამი. შვიდ წლამდე გიორგი მშობლებთან იზრდებოდა და როგორც მემატიანე გიორგი მცირე წერს – “იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა”. 7 წლის იყო როცა ტაძრისის მონასტერში ჩააბარეს ღმრისმოშიშებით, უფლისსასოებით და სიბრძნისმოყვარეობით განთქმულ წინამძღვარს – წმინდა საბიანეს (იხსენიება 31 დეკემბერს). ამ მონასტერში გიორგიმ სამი წელი გაატარა. 10 წლის იყო, როდესაც მამამ, იაკობმა ხახულის მონასტერში გაგზავნა და იქ მოღვაძე თავის ორ ძმას, საბა ხახულელს და ღირს გიორგი მწერას ჩააბარა (მათი ხსენება 19 დეკემბერს). ამ დროს ხახულის მონასტერში მრავალი წმინდა მამა მოღვაწეობდა მათ შორის მამა ბასილი, ილარიონ თვალელი, ანტონი მნათე და სხვა.
ერთხელ, თრიალეთის ერისთავ ფერის ჯოჯიკმა, გიორგი მწერალი თავის სასახლეში მიიპატიჟა და ამ უკანასკნელმა ძმისწული გიორგიც თან წაიყოლა. ბიჭის კეთილგონიერებით გაკვირვებულმა ფერისის ცოლმა, გიორგი შვილად თვისად სცნო და სასახლეში დაიტოვა. როდესაც 1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ ჯოჯიკი დაიბარა იმპერიის კარზე, რადგან ფერისსაც ედებოდა ბრალი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში, ერისთავმა თავისი ოჯახიც და მათ შორის გიორგიც თან გაიყოლა. ბასილ კეისარმა ჯოჯიკს თავი მოჰკვეთა. დედოფალმა, ფერისის ცოლმა კი გიორგი მიაბარა სკოლაში “სასწავლოდ ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა”.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
