მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ქუჩების დატბორვას ორი პრობლემა განაპირობებს.
„მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შეიქმნა აღნიშნული ამინდის გამო. არ დარჩენილა არცერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება.
რაც შეეხება მიზეზს, რატომ ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა, ორი პრობლემაა. პირველი: როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ასევე ნარჩენებით და მეორე: ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება. იმიტომ არის 2017 წლიდან როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოს, პირველი რასაც ვაკეთებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაა“,- აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავლაბრის მეტროსადგურში ორი დღის წინ წყალი ჩამოვიდა, არის ტყუილი.
„სირცხვილია 21-ე საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე ცრუ ინფორმაციას, არანაირი წყლის ჩამოსვლის ფაქტი არ ყოფილა ავლაბრის მეტროსადგურში“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, როდესაც პრობლემა იყო ავლაბრის მეტროში წყლის ჩამოსვლის თვალსაზრისთ, ამაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, პრობლემის აღმოფხვრა კი, მოადგილეებს და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა – პრობლემა შეესწავლათ და გადაწყვეტილების გზები მოძიებულიყო.
„დღეს პრობლემა მოგვარებულია და ნამდვილად არ გვიჭირს ვისაუბროთ თუნდაც პრობლემებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. პირიქით, ყოველთვის აბსოლუტურად მზად ვართ და თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა გამოწვევები, რა გამოწვევებია დედაქალაქში და ზუსტად იმისთვის ვსხედვართ აქ, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პრობლემებს მოაგვარებს და ჩვენი ქალაქი საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ ტყუილით და სიცრუით ეს დამოკიდებულება მიუღებელია.
სამწუხაროდ, წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ინტენსიური ნალექის დროს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები. თუ ვერ იძიებთ, შემიძლია კონკრეტული ვიდეოები გაჩვენოთ, რა ხდება დედაქალაქებში, როდესაც ამ მასშტაბის უხვი ნალექი მოდის. არის გამოწვევები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კალაძემ.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
