თითო მგზავრზე 60 ევრო – რას სთავაზობს საქართველო ავიაკომპანიას?

Uncategorized დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-ს თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევროს ფინანსურ სტიმულს შესთავაზებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა 2026 წლის 31 მაისს გააფორმეს და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ახლა გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, Norwegian-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპენჰაგენს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიას თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე სპეციალურ “სტიმულს” გადაუხდის.

ხელშეკრულების თანახმად, პირველი საოპერაციო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 2026 წლის 27 ივნისიდან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება, Norwegian-ი თითოეულ შემომყვან მგზავრზე 60 ევროს მიიღებს. ამავე პერიოდში გადასახდელი სტიმულის მაქსიმალური თვიური ოდენობა 66,667 ევროთი განისაზღვრა.

შემდგომ ეტაპზე, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე, სუბსიდია ერთ მგზავრზე 35 ევრომდე შემცირდება, ხოლო თვიური ლიმიტი 40,000 ევრო იქნება. მესამე ეტაპზე, 2026 წლის 28 დეკემბრიდან ხელშეკრულების დასრულებამდე, ავიაკომპანია თითოეულ მგზავრზე 15 ევროს მიიღებს, მაქსიმალური თვიური ლიმიტი კი 13,333 ევრო იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ფარგლებში Norwegian-ისთვის გადასახდელი სტიმულის საერთო მოცულობა 400,000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენ მგზავრზე იქნებოდა თანხის დარიცხვა შესაძლებელი.

ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ავიაკომპანიამ ყოველთვიურად მინიმუმ ორი რეგულარული რეისი უნდა შეასრულოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ რეისების გაუქმების ან შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი თვის სტიმულის გადახდა აღარ მოხდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღნიშნულ მექანიზმს „ახალი სტრატეგიული მარშრუტის“ წახალისების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიზანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მიმართულებების დამატება, გამტარუნარიანობის ზრდა და სამგზავრო ნაკადის მოზიდვაა.

ცნობისთვის, საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით რეისებს WIZZAIR-ი ასრულებდა, თუმცა გასულ წელს აღნიშნული რეისები შეწყდა.

bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *