პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა შესაძლოა რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს, ან რუსმა ჯარისკაცებმა საზღვარი გადაკვეთონ და ნატოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვაშინგტონმა ვარშავა რამდენიმეჯერ გააფრთხილა ამ შეთქმულების შესახებ, განუცხადეს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა პოლონურ საინფორმაციო სააგენტო Onet-ს.
რუსული პროვოკაციის მიზანი იქნება დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულება, შეაჩერონ უკრაინისთვის დახმარება. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს.
პოლონური უსაფრთხოების წყაროები ასევე არ გამორიცხავენ უფრო ტრადიციულ თავდასხმას, როგორიცაა რუსი ჯარისკაცების მცირე სახმელეთო შეჭრა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.
Onet-ის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, პროვოკაციის სცენარები შეიძლება მოიცავდეს დრონებით შეტევებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტროსადგურები, ან სიმულირებულ საჰაერო დარტყმებს, რაც პოლონეთს აიძულებს, გაააქტიუროს საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთ-ერთმა პოლონურმა დაზვერვის წყარომ განაცხადა, რომ უარეს შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს „ჰიბრიდული თავდასხმა სასაზღვრო რეგიონში“. იმავე წყარომ ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს შეიარაღებული შეჭრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი, ან ბელორუსი ჯარისკაცები. რუსეთს შეუძლია ეს წარმოადგინოს, როგორც შემთხვევითი შეჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე GPS-ის გაუმართაობის გამო, ან როგორც სამაშველო ოპერაცია გაუმართავი ვერტმფრენის ევაკუაციისთვის.
რუსეთს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ასეთ სიტუაციაში, პოლონეთი, რუსეთის ან ბელორუსელი ჯარების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ნაცვლად, იძულებული იქნება აშშ-ს ზეწოლის ქვეშ, მოლაპარაკება აწარმოოს მოსკოვთან ან მინსკთან, ძალის გამოყენებით პასუხის გაცემის ნაცვლად, განუცხადეს პოლონურმა წყაროებმა Onet-ს.
სცენარი, რომლის დროსაც რუსები გაიყვანენ თავიანთ ჯარებს პოლონეთიდან ამ მოლაპარაკებების და არა სამხედრო მოქმედებების ზეწოლის შედეგად, მოსკოვის პერსპექტივიდან გამარჯვებად ჩაითვლება.
უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერის შეწყვეტა შეიძლება გახდეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასეთი მოლაპარაკებების დროს, პოლონეთიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.
„აშშ სისტემატურად აცნობებს პოლონეთს რუსეთის ახალ გეგმებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვეულებრივი თავდასხმის დაწყების შესახებ, რომლისგანაც პოლონეთი არავითარ შემთხვევაში არ არის დაზღვეული“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ.
ბალტიისპირეთის უსაფრთხოების კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა The Telegraph-ს, რომ ასეთი გეგმები განიხილება მოსკოვში. რუსეთმა შემდგომში შეიძლება სცადოს იმის მტკიცება, რომ პროვოკაცია უკრაინამ განახორციელა.
რუსეთის ნებისმიერი სახმელეთო შეტევა შეიძლება განხორციელდეს კალინინგრადიდან ან ბელორუსიდან. ასეთი მეთოდები რუსეთისთვის კონფლიქტის პროვოცირების ერთადერთი რეალისტური საშუალებაა. უკრაინაში ჩარჩენილი ძალების გამო, მას არ აქვს ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წარმოების შესაძლებლობა.
ნატოსთვის ყველაზე ცუდ სცენარში, რუსეთის მიზანი იქნება პოლონეთის სუვერენიტეტის შელახვა, ნატოს „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოჩენა და დასავლეთის იძულება, უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე – ეს ყველაფერი ალიანსთან კონვენციური ომის დაწყების გარეშე.
ევროპული უსაფრთხოების წრეების წყაროების ცნობით, მოსკოვის პერსპექტივიდან, პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაცია, ბალტიისპირეთის რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციაზე უკეთესი იქნება.
ონეტის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი რუსული პროვოკაცია არ დაემსგავსება „კლასიკურ“ ან ტრადიციულ ომს და რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, განახორციელოს თუ არა ეს.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
