გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტის მამუკა გვილავას პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით გრილი ამინდებია, მომავალ პერიოდში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ იმატოს და ივლისი-აგვისტო ცხელი იყოს.
„ზაფხული ცხელი თუ არა თბილი გვექნება. მე არც მახსენდება სხვანაირი ზაფხული საქართველოში, მაგრამ, კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება. ეტყობა კიდეც ეს – რომ როგორც კი სიგრილე სრულდება, მაშინვე იწყება სიცხის შეგრძნება.
ევროპაში რთული მდგომარეობაა, თითქოს შენელდა მაღალი ტემპერატურები, მაგრამ ისევ დაიწყო ახლა. საფრანგეთში 40 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა, რაც ამ პერიოდისთვის გაუგონარი ტემპერატურაა.
წელს შესაძლოა, გაგვიმართლოს და ასეთი დრამატული ტემპერატურა არ იყოს, თუმცა, იცით, რომ რამდენიმე კვირაზე მეტის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, შესაძლოა, იქამდე გლობალური პირობები შეიცვალოს და ჩვენთანაც ივლისი-აგვისტო ასეთივე თბური ტალღები იყოს. მე უფრო ვიტყოდი, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია ცხელი ამინდები“, – ამბობს მამუკა გვილავამ.
მანვე ისაუბრა ზაფხულში გაგრილების გზებზე და აღნიშნა, რომ კონდიციონერები არ არის გამოსავალი, იქიდან გამომდინარე, რომ მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და ოთახის გაგრილებისას თბურ ტალღებს გარემოში გამოყოფს, რაც საქალაქო ტიპის დასახლებებში ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.
