საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივნისს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის, მოწამე აკვილინას, წმიდა ტრიფილეს, კვიპრელი ეპისკოპოსის, მოწამის ანტონინას, ასევე ღირსთა: ანასი და მისი ძის იოანესხსენების დღეს აღნიშნავს.
მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი
ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. მშობლებმა მას ანდრია დაარქვეს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. 16(სხვა ცნობით 24) წლის ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს, სადაც იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა შეიძინა. პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და სავარაუდოდ აქვე ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი – ანთიმოზი.
საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. მოკლე ხანში აითვისა საღმვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება.
40 წლის სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ანთიმოზი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ, რუმინელთა დიდმა მოღვაწემ, სტამბოლიდან ბუქარესტში წაიყვანა.
რუმინეთში 25 წლიანი მოღვაწეობისას ანთიმოზ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა და დაბეჭდა 64 წიგნი. მისი უშუალო ხელშეწყობით სტამბა დაარსდა ალეპოშიც (სირია).
წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო.
განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. მან ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. აახლა ასოთამწყობი მიხაილ იშტვანოვიჩი, შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და მალე პირველი წიგნიც დაიბეჭდა. ეს იყო „სახარება”.
როდესაც თურქეთ-ავსტრიის ომი დაიწყო, ანთიმოზმა ანტითურქული პოზოცია დაიკავა და გარშემო ვლახელ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა. მათი მიზანი იყო, ვლახეთი როგორც თურქთა, ისე ფანარიოტთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ. ანთიმოზი სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე, თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს.
