მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი ორჯერ გადაიტანა – რას წერს სააკაშვილი, რას პასუხობს ბრალდებას პენიტენციური და “ვივამედი”?

დღის სიახლეები სამართალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საზმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში”:

“ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს.
მურთაზის ისტორია, ის რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე “ნულოვანი ემპათიის” და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა” – წერს სააკაშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური და განმარტავს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია.

მეორე მხრივ, პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილების ჰქონდა, რის შემდეგ, დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ინსულტი არ გადაუტანია. მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლინიკა „ვივამედის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს.

მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავა ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გამოიწერეთ პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *