პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს.
ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის და მათი ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე ერთი ანგარიშსწორების ოპერაციის აღრიცხვა ხშირად რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული ან დამოუკიდებელი მოწყობილობით ხდება, მათ შორის სხვადასხვა საბანკო ტერმინალის გამოყენებით. ინიციატორების შეფასებით, ეს პროცესი ართულებს როგორც ბიზნესის საქმიანობას, ისე მომხმარებლის მომსახურებას.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შემოდის ახალი ტიპის უნივერსალური სალარო აპარატი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს საბარათე გადახდის შესრულებას, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებების აღრიცხვას, მონაცემების შენახვასა და მათი საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემას.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, თანამედროვე პირობებში საქონლისა და მომსახურების შეძენისას საბანკო ბარათით გადახდები უკვე მნიშვნელოვნად აღემატება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, მოქმედი სისტემით უნაღდო ტრანზაქციების ნაწილი უშუალოდ სალარო აპარატში არ აღირიცხება. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად კი შემოსავლების სამსახური ერთიანი სისტემის მეშვეობით მიიღებს ინფორმაციას როგორც ნაღდი, ისე საბარათე ოპერაციების შესახებ.
კანონპროექტის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარება. თუმცა ბიზნესებს მიეცემათ გარდამავალი პერიოდი და 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ გამოიყენონ ძველი, უკვე რეგისტრირებული სალარო აპარატები და ტერმინალები. 2028 წლის 1 მაისიდან კი ახალი სისტემის გამოყენება სავალდებულო გახდება.
ცვლილებები ეხება საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრსაც. პროექტის მიხედვით, 2027 წლის შემდეგ რეესტრში მხოლოდ ახალი სტანდარტის აპარატების რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, ხოლო არსებული მოწყობილობები ეტაპობრივად ჩანაცვლდება.
კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სალარო აპარატებისა და ელექტრონული კომერციის ტერმინალების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება ცენტრალიზებული გახდება.
