მედია – Procter & Gamble-მა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ ურთიერთობა შეწყვიტა

დღის სიახლეები საზოგადოება

კომპანია Procter & Gamble-მა შეწყვიტა ურთიერთობა ქართულ ტელეარხთან, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა და რუსეთის სახელმწიფოს რუპორად მიიჩნიეს, – ინფორმაციას City AM-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს.

City AM-ის ცნობით, P&G-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს მედიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„P&G იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით და ჩვენ ვიყენებთ მკაცრ მიდგომას სანქციების დაცვის მიმართ, მედია შესყიდვების პრაქტიკის ჩათვლით. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ მიდგომა და შევაჩერეთ საქართველოში ტელეკომპანია „იმედიდან“ რეკლამირება“, – აღნიშნა Procter & Gamble-ის პრესსპიკერმა.

City AM-ის ცნობით, მსგავსი გამოძიება დაიწყო Nestle-მაც და გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი, ლიან ჯილი ხელმძღვანელობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *