„ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურია, – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ალიანსიდან გამოვიდოდა და „ამას მიშას ნებართვა არ ჭირდება“.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აღნიშნული პოზიცია შორსმჭვრეტელობაზე არ მეტყველებს იმ ფონზე, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი მომავალში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდეს.
მან არ დააკონკრეტა, დაუჭერს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს, თუ ის კენჭს იყრის.
“როგორც კი არჩევნები ჩაინიშნება, პარტიის წევრები ვხდებით რიგითი ამომრჩევლები. ყველას თითო ხმა გვაქვს. ვინც საჯარო პირები ვართ, ჩვენს მხარდაჭერას იმ კონკრეტული კანდიდატის მიმართ, რომლის მიმართაც გარკვეული სიმპათიები გვაქვს, როგორც წესი, არ ვმალავთ ხოლმე. შესაბამისად, ალბათ, ამის დრო მოვა და გამოიკვეთება, ვინ, ვის უჭერს მხარს”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მის რჩევებს გაითვალისწინებს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურას გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება. ამასთან, მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება პარტიის ყრილობა და აირჩევენ “ნაციონალური მოძრაობის” ახალ თავმჯდომარეს.
“სავარაუდო თარიღი დღეს არ გვაქვს. ჩვენ ერთი კონკრეტული “დედლაინი” გვაქვს 8 ივლისთან დაკავშირებული იმიტომ, რომ 2024 წლის 8 ივლისს ჩატარდა ყრილობა, სადაც საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს”,-განუცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.
ასევე, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა „ოპოზიციის ალიანსზე“ და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსი არ დაუტოვებია და ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული მსჯელობა არ ყოფილა.
