საქართველო შიმშილის დაბალი დონის მქონე 24 ქვეყანას შორისაა – გლობალური შიმშილის ინდექსი 2026

დღის სიახლეები საზოგადოება

2026 წლის გლობალური შიმშილის ინდექსით (Global Hunger Index-GHI) საქართველო წელსაც იმ 24 ქვეყანას შორისაა, რომლებიც შიმშილის ყველაზე დაბალ დონეს ავლენენ. რეიტინგი ინდექსის ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, თითოეულ ქვეყანას 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება და „დაბალი,“ „ზომიერი,“ „მძიმე“ და „საგანგაშო“ კატეგორიების მიხედვით იყოფიან: 0 შიმშილის არარსებობაზე, ხოლო 100 უკიდურეს შიმშილზე მიუთითებს.

საქართველოს ქულა 5-ზე ნაკლებია, რაც „შიმშილის დაბალი დონის“ კატეგორიაა. 5-ზე დაბალი ქულის მქონე ქვეყნებს, რომელთა რიცხვი წელს 24-ია, არა ინდივიდუალური, არამედ 1-დან 24-მდე კოლექტიური რეიტინგი ენიჭება. მათ ქულებს შორის სხვაობა მინიმალურია. საერთო ჯამში, „შიმშილის დაბალი დონის“ კატეგორიაში წელს 50 ქვეყანა მოხვდა.

რაც შეეხება ტენდენციას, საქართველო 5-ზე ნაკლებ ქულას 2018 წლიდან ინარჩუნებს. ქვეყანა 2006 წლიდან ამ კატეგორიაშია, თუმცა შედარებით მაღალი ქულებით. კერძოდ, 2006-დან 2012 წლამდე საქართველოს 9.2 ქულა, ხოლო 2012-დან 2018 წლამდე 7.1 ქულა ჰქონდა მინიჭებული. 2000-იდან 2006 წლამდე ქვეყანა 11.7 ქულით უფრო მაღალ, ანუ „შიმშილის ზომიერი დონის“ კატეგორიაში იყო.

გლობალური შიმშილის ინდექსი ოთხი ძირითადი ინდიკატორის გამოყენებით გამოითვლება. ეს არის: არასრულფასოვანი კვების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წილი, რომელშიც საქართველოს ქულა 2.5%-ზე ნაკლებია; ჰიპოტროფია (ქრონიკული არასრულფასოვანი კვება) 5 წლამდე ბავშვებში, რომლის მაჩვენებელიც 0.6%-ია; 5 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდის შეფერხება (4.7%) და ბავშვთა სიკვდილიანობა (0.9%).

რეგიონის მეზობლებიდან ყველა ქვეყანა, კერძოდ, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი, ასევე, „შიმშილის დაბალი დონის“ კატეგორიაში არიან. თუმცა აქედან საქართველოს მსგავსად 5-ზე ნაკლები ქულით 1-დან 24-მდე კოლექტიური რეიტინგში მხოლოდ აზერბაიჯანი ვერ მოხვდა. ქვეყანას ამ კატეგორიაში 5.5 ქულა აქვს მინიჭებული.

რაც შეეხება ომში მყოფ უკრაინას, ქვეყანა ბოლო წლებში 11.6 ქულით „შიმშილის ზომიერი დონის“ კატეგორიამდე ჩამოქვეითდა, მაშინ, როცა ომამდე, კერძოდ, 2018- წლიდან 9.8 ქულით „დაბალი“ დონის კატეგორიაში იყო.

2026 წლის გლობალური შიმშილის ინდექსით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • სომალი – 47 ქულა
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 39.5
  • ჩადი – 38.0
  • მადაგასკარი – 36.5
  • ჰაიტი – 34.4
  • ნიგერია -34.3
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 33.1
  • ტიმორ-ლესტე – 32.5
  • ლიბერია – 32.3
  • სირიის არაბული რესპუბლიკა და პაპუა-ახალი გვინეა – თანაბრად 31.5

2026 წლის GHI ანგარიშისთვის სულ 122 ქვეყნის მონაცემები შეფასდა.

bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *