ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განმარტებით, ვიდეომასალაში, ვერ ხერხდება იმ პიროვნების იდენტიფიცირება, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ცეცხლს აჩენს.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ პირს ნიღაბი ეკეთა.
„ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ის ფაქტი დადასტურდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი კი არა, ზოგადად, ის პირი ვინც შეიძლება ყოფილიყო იმ მომენტში, 29 ნოემბერს, იდენტიფიცირება ვერ ხდება, მას ნიღაბი უკეთია. ასევე, იარაღის მუქარა, რომელზეც აპელირებენ მანდატურის თანამშრომლები, ჩანაწერში არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და მეორე ფაქტი, რომ ეს არის ტერორისტული აქტი“, – აცხადებს რეხვიაშვილი.
