სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ სამსახურს ორი თვის წინ გადაეცა თურქი ექიმების რეკომენდაცია, პატარაძის თქმით, ეს მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები.
რაც შეეხება კონკრეტულ მსჯავრდებულს, დღეს მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე. ეს წერილი, რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ, უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. დღეს როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია. რა თქმა უნდა, უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა”, – განაცხადა პატარიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საპატიმროდან საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან“ რაიმე სახის დისკუსიაში შესვლას, მათთვის რაიმეს მტკიცებას, ან თხოვნას არ აპირებს.
პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ტკივილი ასატანია, მაგრამ ბოროტება – აუტანელი და პირობას დებს, რომ არცერთ უკანონობას „არ გაატარებს“.
„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.
ტკივილი ასატანია, ბოროტება – აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ – არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!
სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, – წერს ხოშტარია.
